გიორგი მარგველაშვილი როგორც 2016 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებშიც

გიორგი მარგველაშვილი როგორც 2016 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებშიც

მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას - ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ თუ „დემოკრატიული მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

კობახიძის აზრით, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ხელმოწერა ვეტოდაძლეულ დოკუმენტზე მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, აბსოლუტურად გაუგებარი იყო გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსი. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პრეზიდენტმა ამით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა.

„აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის ბრიფინგის შინაარსი, რომელიც დღეს მოაწყო საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვეტოს გადალახვის შემდეგ კონსტიტუციის ხელმოწერა მხოლოდ დ ამხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. პრეზიდენტს მარტივად რომ მოეწერა ხელი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადალახა ვეტო, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები მოვლენა, თუმცა ამას მიუძღვნა ბრიფინგი, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი. რეალურად ამ ბრიფინგის მიზანი არ იყო კონსტიტუციაზე საუბარი, მიზანი იყო წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბრიფინგზე პრეზიდენტმა არაპირდაპირ აღიარა, რომ ეს კონსტიტუცია არის ხარისხიანი და მართლა აყალიბებს ძალიან დემოკრატიულ სისტემას, მაგრამ მეორე მხრივ, გააკეთა ცხადი პოლიტიკური განცხადება.

„სხვათა შორის, მან იგივე გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო ნამდვილი ომი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაშინაც განაცხადა, რომ ხმას აძლევდა მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს იყო პირდაპირ მოწოდება ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის ხმას არ ჰქონდა შესაბამისი წონა, რომ ოპოზიციას მიეღო უფრო მაღალი შედეგი და საბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და გაგრძელდა დემოკრატიული პროცესი. დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არადემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ფონზე მან მოუწოდა ამომრჩეველს დემოკრატიის დაცვისა და საარჩევნო აქტიურობისკენ, ანუ იყო ნეგატიური შეფასება „ქართული ოცნების“ და ამ ფონზე მოუწოდა მარგველაშვილმა საზოგადოებას აქტიურობისკენ. მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, ვინ არის მისი ფავორიტი, თუმცა როგორც 2016 წელს დამარცხდა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.