პარლამენტის ნდობის ჯგუფი არასრული შემადგენლობით შეიქმნება, რაც 1-ელი ნოემბრის სხდომაზე იგეგმება

პარლამენტის ნდობის ჯგუფი არასრული შემადგენლობით შეიქმნება, რაც 1-ელი ნოემბრის სხდომაზე იგეგმება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირება 1-ელი ნოემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ამასთან, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფში ერთი ადგილი ვაკანტური იქნება - უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატთათვის განკუთვნილი კვოტით ნდობის ჯგუფში არავინ იქნება წარმოდგენილი.

”სავარაუდოდ, 1-ელ ნოემბერს პარლამენტში შედგება ნდობის ჯგუფი. მას ოთხი წევრი ეყოლება, რადგან კანონი სხვა რამის საშუალებას არ გვაძლევს. 1-ელ ნოემბერს არის სესია და საკითხი სესიაზე გავა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

”ნდობის ჯგუფის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, ჯგუფი 5 წევრისგან უნდა შედგებოდეს, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე დეპუტატი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატთათვის განკუთვნილ კვოტაზე ნდობის ჯგუფში კანდიდატურა ორმა საპარლამენტო ფრაქციამ წარადგინა. ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” ირმა ინაშვილის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” - სალომე სამადაშვილი. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ფრაქცია ექვს-ექვს კაციანია, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაოდენობრივი უპირატესობა არც ინაშვილს გააჩნია და არც - სამადაშვილს.

უმრავლესობის კვოტით ნდობის ჯგუფში ეკა ბესელია, მაჟორიტარი დეპუტატების კვოტით - არჩილ თალაკვაძე შევლენ. საპარლამენტო უმცირესობას ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.

ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა ცნობად უნდა მიიღოს, რაც საოქმო ჩანაწერით ფორმდება. სწორედ ამის შემდეგ ჩაითვლება ნდობის ჯგუფი შექმნილად, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრების ერთი წლის თავზე მოხდება.