გიორგი კვირიკაშვილი:   რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად

გიორგი კვირიკაშვილი: რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად

რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

პრემიერის თქმით, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

„ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის, მთლიანად საქართველოსა და ხელისუფლების წარმატება. რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

მთლიანი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეთანხმდნენ და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხისა და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სახელმწიფომ სწორად ჩატარებულმა პროცესმა გამოიღო ეს შედეგი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და ეს იყო დახმარება, რომელიც ხვნისა და თესვის პროგრამით დაიწყო, შემდეგ გადავედით შეღავათიან აგრო კრედიტებზე, აგრო დაზღვევის სისტემაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე.

ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რომ დღეს უკვე ჯანსაღი სისტემაა შექმნილი, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს, რაც ძალიან კარგი შედეგია.

მინდა მადლობა გადავუხადო რთველის საკოორდინაციო შტაბს, კონკრეტულად მინისტრს ლევან დავითაშვილს ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.