გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის მოსყიდვა მოხდეს ან ისეთ სიგიჟეებში დარწმუნება, რომ აფხაზეთი

გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის მოსყიდვა მოხდეს ან ისეთ სიგიჟეებში დარწმუნება, რომ აფხაზეთი "ჩაგრული ერია" და "ქართველებისგან დაცვა" სჭირდება

აფხაზეთთან დაკავშირებით რაღაც მარგინალური ჯგუფის შექმნა შესაძლებელია, თუნდაც დროებით, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტში ოკუპირებული აფხაზეთის მხარდასაჭერი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნას. ექსპერტის მოსაზრებით, თუნდაც რომ შეიქმნას მსგავსი ჯგუფი ევროპარლამენტში, მას მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი არც ექნება.

"არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ვიღაცების მოსყიდვა, ან ვიღაცების დარწმუნება ისეთ სიგიჟეებში, რომ აფხაზეთი "ტანჯული, ჩაგრული ერია" და სჭირდებათ "ქართველებისგან დაცვა". სამწუხაროდ, ეს ნარატივი მუშაობს იმიტომ, რომ, როგორ ჩანს, ჩვენ ეს ეფექტურად ვერ გავანეიტრალეთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს რომც მოხდეს, დიდი დღე არ უწერია. ვინაიდან, იმ ადამიანს ვინც მსგავს ჯგუფში შევა, წესით, მერე თავის ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ ექნება. საუბარია ევროპაზე და ევროპაში მსგავს პოლიტიკოსებს ასეთი მომავალი არ უნდა ჰქონდეთ",- განაცხადა შარაშენიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ევროპარლამენტში აფხაზეთის მხარდამჭერი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნას.