კანონში არსებობს ჩანაწერი, ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა, ამ ნორმაში არასამთავრობო სექტორზე საუბარი არ არის

კანონში არსებობს ჩანაწერი, ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა, ამ ნორმაში არასამთავრობო სექტორზე საუბარი არ არის

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა და შესაბამისად, კანონისთვის გვერდის ავლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობოების მიერ საკუთარი კანდიდატის დაასახელების ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ აპირებს, რომ სახალხო დამცველის საკითხზე გუნდის შიგნით შეჯერდეს.

„ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ცალსახად, დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს არასამთავრობოებს მოუწოდა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ.

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამისილების ვადა დეკემბერში ეწურება.