მმართველი გუნდი კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე გეგმავს

მმართველი გუნდი კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე გეგმავს

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 4 მიმართულებით აპირებს.

„როგორც კი ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირების პროცესს. მუშაობას ვაპირებთ ოთხ საკითხზე, აქედან ორი დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან - ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება; ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, კიდევ ორი საკითხი, რომელზეც ვაპირებთ მუშაობას, არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და რელიგიის თავისუფლების მუხლი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმალურად შექმნის საჭიროება აღარ არის, თუმცა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაინტერესებულ ჯგუფებთან გაიმართება შეხვედრები და საერთო-სახალხო განხილვა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული საკითხების გათვალისწინება პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებში სთხოვა, რათა მათი დროულად ამოქმედება მომხდარიყო. თავის მხრივ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონზე გამოყენებულ ვეტოში მმართველი გუნდის შეთავაზება გაითვალისწინა, თუმცა უმრავლესობას დამატებით კიდევ ორი მოტივირებული შენიშვნით მიმართა. საბოლოოდ, უმრავლესობამ პრეზიდენტის აღნიშნული სახის ვეტოს გაზიარებაზე უარი თქვა და მოტივირებული შენიშვნები დაძლია. სწორედ ამის გამო მმართველმა გუნდმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დააანონსა. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი რედაქციის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებას, ეს მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან პასუხს ელოდება, მოაწერს თუ არა ხელს პარლამენტის მიერ მიღებულ პაკეტს. თუკი გიორგი მარგველაშვილი ხელმოწერაზე უარს იტყვის, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს, რის შემდეგაც ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტს სულ მცირე 76-მა დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი.