პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფხაზურ მხარეს ომში დაღუპული პირების ნეშტების პოვნასა და გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობას უხდის.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძმათა მკვლელმა ომმა საუკეთესოები შეიწირა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ დადგება ის დრო, როცა ქართველები, აფხაზები და ოსები შერიგებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
„ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არა ერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ - გარდაუვალია ის, რომ ჩვენ ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა პრემიერმა.