პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ხსოვნას პატივი მიაგო 13:51 17-10

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ხსოვნას პატივი მიაგო 13:51 17-10

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იყოს წითელი ჯვრისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების შესაბამისი პატივით დაკრძალვა როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს პატივი მიაგო. 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობით მოხერხდა ნეშტების გადმოსვენება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეისთვის უკვე აღმოჩენილია 135 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი. 

”დღეს შესაძლებლობა გვეძლევა 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ მიწას შესაბამისი პატივით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ახლობლებმა არ იცოდნენ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრები. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ეს ადამიანები დახვრიტეს და მინდა მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. ამ ადამიანებს შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული. ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე. ასევე 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. ძალიან მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ის ინფორმაცია, რომელიც არის მოსახლეობაში, მიეწოდოს”, - განაცხადა პრემიერმა. 

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს დღეს დაკრძალავენ. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.