პეტრო პოროშენკო დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას ითხოვს

პეტრო პოროშენკო დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარლამენტის დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას ითხოვს. კანონპროექტი კონსტიტუციის მე-80 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ უკრაინის პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

კანონპროექტი კონსტიტუციის მე-80 მუხლის შემდეგი ფორმულირებით მიღებას ითვალისწინებს:  „უკრაინის სახალხო დეპუტატები კენჭისყრის შედეგებზე ან პარლამენტში გამონათქვამებზე იურიდიულად პასუხს არ აგებენ, შეურაცხყოფის ან ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გარდა“, - წერია კანონპროექტში. 

ამავდროულად, პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ამოიღოს კონსტიტუციის მე-80 მუხლიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ სახალხო დეპუტატებს სადეპუტატო ხელშეუხებლობის გარანტია ეძლევათ და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობის გარეშე სახალხო დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება იკრძალება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.