თბილისის პარლამენტის შენობის A კორპუსში, საპრეზიდენტო ფლიგელის გამოუყენებელი სივრცე საკონფერენციო და სასემინარო შეხვედრებისთვის მოეწყობა, – ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის საკითხებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია უკვე მუშაობს შესაბამის პროექტზე და სარემონტო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. „თბილისის პარლამენტის შენობის A კორპუსში, საპრეზიდენტო ფლიგელის გამოუყენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. ადრე ამ ფლიგელში შევარდნაძე იჯდა. არის ძალიან ფართო, ბევრი სივრცე, რომელიც კეთილმოსაწყობია და ვერ ვიყენებთ. თუკი რაიმე მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან, ან კონფერენციები და სემინარებია, იძულებული ვართ, სასტუმროები დავიქირაოთ. ყველაფერი სასტუმროებში ტარდება. პარლამენტში ამისთვის სივრცე არ გვქონდა. ვაპირებთ, ეს სივრცე გამოვიყენოთ.
პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, პარლამენტარებს არ აქვთ ის პირობები შექმნილი, რომ შეხვედრები ჩაატარონ და მაღალი დონის სტუმრები პარლამენტის შენობაში მიიღონ. იმისთვის რომ ხარჯები დავზოგოთ, არ ვიქირაოთ სასტუმროები, არ გავიღოთ თანხები, ვფიქრობთ, ჩვენ თვითონვე, ჩვენივე ხარჯებით გავარემონტოთ A კორპუსის მესამე სართული. აქ მოვაწყოთ სივრცე კონფერენციების და სემინარებისთვის. ამას, ლოგიკურია, დასჭირდება შესაბამისი აპარატურა, გახმოვანება, აუდი–ვიდეო სისტემა, ავეჯი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქაც საუბარია იმაზე, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს.
ამ წელს ვერ მოესწრება სამუშაოების დაწყება. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, იგეგმება თბილისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის რეკონსტრუქცია და შიდა ეზოს მოწყობა.
„ვინაიდან თბილისის პარლამენტის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია, საჭიროებს ფასადურ სამუშაოებს – გალესვა–შეღებვას. ძალიან ბევრ ადგილას ჩამოშლილია კედლები და საუბარია რეკონსტრუქციაზე. ასევე, საუბარია შიდა ეზოს გამწვანებაზე. სავარაუდოდ, ყველა ეს სამუშაო ჯამში, 1,5 მილიონ ლარამდე დაჯდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეების (ქ. თბილის, ქ. ქუთაისი) თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ჩასატარებელი კეთილმოწყობის, რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსის მეშვეობით განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“.
კომისიაში შედიან პარლამენტის წევრები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან და პარლამენტის აპარატის ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი, ვისაც ეს საკითხები შეეხებათ. კომისია 18 წევრისგან შედგება.