უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტი მხოლოდ ვეტოსთან ასოცირდება

უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტი მხოლოდ ვეტოსთან ასოცირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროცესის გონივრულ ვადაში დასრულებისთვის.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოებრივად სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც ასოცირდება მხოლოდ ვეტოსთან!

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მას მხოლოდ ამ სუსტი როლის შესრულება გამოსდის „წარმატებით. პარლამენტის თავმჯდომარის და ჩვენი უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთხელ გადაიდგა ნაბიჯი ქვეყნის პრეზიდენტთან დისკუსიისთვის, როდესაც ჩვენ მას საჯაროდ შევთავაზეთ საქმიანი დიალოგის ფორმატი, თუკი, იგი, ახალი კონსტიტუციისათვის ვეტოს დადებდას დააპირებდა. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვეტო შეგვიძლია დავძლიოთ!“, - აცხადებს ოხანაშვილი.

მისი განმარტებით, შეთავაზების მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის, ვენეციის კომისიისა და ოპოზიციური პარტიებისთვის საჯაროდ გაკეთებული საკონსტიტუციო რეფორმის კომპრომისული დანაპირები, უმოკლეს დროში ასახულიყო ქვეყნის ძირითად კანონში. საქმე ეხება საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ვენეციის კომისიამ, თავის დასკვნაში შეაფასა, როგორც, დემოკრატიის, სამართლებირივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს ევროპის ქვეყნების კონსტიტუციათა შორის. ასეთი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს შეეძლო ერთხელ მაინც შეესრულებინა ნეიტრალური არბიტრის როლი და ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმაში წვლილის შემტანი“ -აცხადებს დეპუტატი.