კრისტიან ვიგენინმა თბილისის ზღვის ახალ უბანში დევნილთა დასახლება მოინახულა

კრისტიან ვიგენინმა თბილისის ზღვის ახალ უბანში დევნილთა დასახლება მოინახულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა და ასამბლეის დელეგაციის წევრებმა თბილისის ზღვის ახალ დასახლება „ოლიმპიურ სოფელში" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება მოინახულეს. ევროპელმა სტუმრებმა გაგრიდან ლტოლვილი მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინა დაათვალიერეს და მისი ცხოვრების პირობებით დაინტერესდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა სპეციალურ წარმომადგენელს დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გააცნო და აღნიშნული მიმართულებით უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, თბილისის ზღვის ახალ უბანში მდებარე კორპუსებიდან 9 მათგანი დევნილ მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა და ამ დროისთვის აღნიშნულ უბანში 630 ოჯახი ცხოვრობს. მისივე ინფორმაციით, დევნილთა განსახლების მიზნით სამინისტრო რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საკუთარი საცხოვრისის გადაცემა წარმოადგენს, აღნიშნული პროექტი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მინისტრის მოადგილეს განცხადებით, დღეის მდგომარეობით 50 ათასი ოჯახია დარჩენილი, რომლებიც კვლავაც საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას  და ხელისუფლება მიმდინარე პროექტებით ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ მოთხოვნილებას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ მოინახულეს.​