ჩვენ ვიხმართ ყველა ღონეს, მივმართავთ ყველა კანონიერ ფორმას, რომ ეს კონსტიტუცია სამომავლოდ არ გახდეს განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს, რომ ეს კონსტიტუცია ძალაში არ შევიდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამეტის სხდომა, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მას არ ჰყავს საქართველოში და არც უცხოეთში მომხრე. ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ „არა“-ს ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ „არა“-ს ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას. ჩვენ ვიხმართ ყველა ღონეს, მივმართავთ ყველა კანონიერ ფორმას, რომ ეს კონსტიტუცია სამომავლოდ არ გახდეს განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ჩვენ ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად შევცვლით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რიგგარეშე სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს.