თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას, - ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ხელისუფლება არის მარტო, მას არცერთი მოკავშირე არ ჰყავს.
”მინდა გულწრფელი ვიყო და მინდა ვთქვა, რომ არ მშურს არცერთი თქვენგანის, ვინც წარმოადგენთ ”ქართულ ოცნებას”. იცით, რატომ არ მშურს? იმიტომ, რომ დანამდვილებით ვხედავ თქვენს უახლოეს მომავალს. დანამდვილებით ვხედავ ზოგი როგორ გაფაციცებით ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიტმასნებას და ზოგი მიეკედლებით და ეტყვით მიშველეთო. იმიტომ, რომ დღეს თქვენ რეალურად ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად და ძალიან მტკივნეულ პროცესს რომელიც, რა თქმა უნდა, ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ უკან. თქვენ ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ამ პროცესში ხართ მარტო. არცერთი მოკავშირე თქვენ არ გყავთ. რაც არ უნდა ილაპარაკოს ეკა ბესელიამ, რომ აქაც არაა ჩემი ტანი და თავიო, თქვენი თავი და ტანია ქალბატონო ეკა, თქვენ იღებთ ამ კონსტიტუციას ისე, რომ არცერთი პოლიტიკური მოკავშირე არ გყავთ. არცერთი საზოგადოებრივი ჯგუფი არ გყავთ მოკავშირედ, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. რას საუბრობთ რა იყო უწინ, წლების წინ. დღეს ერთი მოკავშირე მაინც გყავთ? არ გყავთ, ეს ხომ ფაქტია. თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას თქვენ ართმევთ საქართველოს მოქალაქეებს უფლებას, რომ მომდევნო წლებში, ოდესმე მაინც გადაირჩიოს ძველი მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა. არ არსებობს კონსტიტუციის გარშეო ელემენტარული თანხმობა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.