ხვალ დაგეგმილია სესია - თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნება რიგგარეშე სხდომა მოწვეული, პარლამენტს აქვს შეკრების უფლებამოსილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, პარლამენტი მზადაა, მესამე მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს დისკუსიები სხვა საკითხებზე.
"ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ საკომიტეტო განხილვას მესამე მოსმენით. ხვალ არის დაგეგმილი სესია - თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნება მოწვეული, პარლამენტს აქვს ეს უფლებამოსილება. გვინდა, რომ დაცული იყოს ყველა პროცედურა. სამთვიანი ვადა დაცულია, ამავე დროს ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დასკვნა არის დადებითი. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, კონსტიტუციური რეფორმის მესამე, ფინალური ეტაპი ჩავატაროთ. მზად ვართ, რომ ამ ფორმატში რა ცვლილებებიც იქნება განსახორციელებელი - რედაქციული, ტექნიკური და ტექსტური თვალსაზრისით, ვიმუშავოთ დღეს და ხვალ, რომ კონსტიტუციური რეფორმა და ცვლილებების მიღება დასრულდეს, თუმცა შემდეგ შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელოთ დისკუსიები უკვე სხვა საკითხებზე",- განაცხადა ბესელიამ.