გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ”ქრისტიან დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის” კონსერვატიული პარტიული ბლოკი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მერკელის ბლოკს მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, ხმა ამომრჩეველთა 20,5%-მა მისცა. „სოციალ-დემოკრატებმა“ უკვე განაცხადეს, რომ კოალიციის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ოპოზიციაში გადადიან.
2013 წლის არჩევნებთან შედარებით, ორივე პარტიის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა. მაშინ „კონსერვატორებმა“ ხმათა 41,5%, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი - 25,7% დააგროვეს.
მესამე ადგილზე ხმათა 12,6%-ით „მემარჯვენე-პოპულისტური პარტია“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა, ის პარლამენტში პირველად მოხვდა. მას მოჰყვებიან ლიბერალური „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ 10,7%-ით, „მემარცხენე პარტია“ 9,2%-ით და „მწვანეები“ 8,9%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები ოფიციალურად დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.
ბუნდესტაგში 709 დეპუტატი იქნება.