„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"კანონპროექტები განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტით, ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება, რომლის მიზანია, როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან, დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება, ამასთან, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
ნოდარ კერესელიძის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინები: ცხოველური წარმოშობის სურსათი, სასურსათო დანიშნულების ცხოველი და საცალო ვაჭრობა. ასევე, დაიხვეწა ტერმინი „ბაზარზე განთავსება" , ,,რისკი" და ა.შ. კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან. ასევე, კანონპროექტში დამატებულია იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ვალდებულებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან ან მცენარეთა დაცვის სფეროსთან.
კანონპროექტით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით, ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განახორციელოს.
კანონპროექტით ასევე, განისაზღვრა, რომ სააგენტო ვალდებულია განახორციელოს მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მისი გამოვლენა და დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა.
კანონპროექტის თანახმად, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის მოთხოვნებთან შესაბამისობა მონიტორინგის ფარგლებში დგინდება ნიმუშის აღების და აკრედიტებულ ლაბორაატოიაში გამოკვლევის გზით. ხოლო, რაც შეეხება ეტიკეტის, წარდგენის და შენახვის პირობების, ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის შემოწმებას, აღნიშნული ხორციელდება ვიზუალური შემოწმებით და არ არის აუციელბელი ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში შემოწმება. კანონპროექტის შესაბამისად, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები.
ნოდარ კერესელიძის განმარტებით, შემოდის ახალი და მკარცრდება უკვე არსებული პასუხისმგებლობის ზომები. ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა ბიზნესოპერატორის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში ბიზნესოპერატორის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს .
პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის კი 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, 67-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობის ზომა დადგენილია სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის განხორციელების დროს და არა მხოლოდ მონიტორინგის დროს. კანონპროექტით, განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაციარეგისტრაციის წესის დარღვევისთვის ასევე, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო.
კანონპროექტის თანახმად, გაიმიჯნა პასუხისმგებლობის ზომა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის და სხვა ბიზნესოპერატორისათვის; განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის ასევე, სურსათის/ ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევაში, მათ ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისათვის, ასევე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნის დარღვევისათვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატებისა და პესტიციდებთან დაკავშირებული სანქციები, დარეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი გააცნო. მისი ინფორმაციით, „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის" განხორციელების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 20 მლნ. ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხი 17 წლის ვადით გამოუყო, რომელიც უკვე ათვისებულია. „პროექტის მხარდაჭერის მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ასევე გამოყოფილ იქნა 3,5 მლნ. ევრო, რომელიც დამატებით სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას და უსაფრთხოების ზომების განხორციელებას მოხმარდება", - აღნიშნა მომხსენებელმა.
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების „თბილისის ავტობუსების პროექტი"-ს ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური და გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი გადაეც. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ის მიერ უკვე გამოყოფილია 27 მლნ. ევრო სესხის სახით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფონდის მიერ 7 მლნ. ევრო -გრანტის სახით.
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების N1 ცვლილების", მიხედვით სესხის თანხის ბოლო გადახდის თარიღად 2026 წლის 16 ივლისის ნაცვლად განისაზღვრება 2026 წლის 16 იანვრით. ასევე, ტექნიკური ცვლილება შედის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილ-შეთანხმებაში", რომელიც ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის 2017 წლის 31 აგვისტომდე და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილის სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს.
მთავრობის წარმომადგენელმა „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)" გააცნო დეპუტატებს, რომლის თანახმად, ბანკი საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევროს სესხის სახით გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 30 წელია, მათ შორის 7 წლამდე შეღავათიანი პერიოდია. სესხის საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო მარჟა და ვალუტა განისაზღვრება თითოეული ტრანშისთვის ტრანშის ჩამორიცხვამდე.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული ფინანსური რესურსით იგეგმება დაახლოებით 253 კმ სიგრძის ძირთადი და მეორადი საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით:
უბისა-შორაპნის მონაკვეთი
გრიგოლეთი-ფოთი
გრიგოლეთი-ჩოლოქი
რუსთავი-სადახლო
თბილისი-საგარეჯო
საჩხერე-რაჭა
საირმე-აბასთუმანი
რიკოთის გვირაბი
ხევი-უბისა
ძირულა-არგვეთა
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური 20 დიზელზე მომუშავე და 10 ელექტრო დაბალძირიანი ავტობუსების გადაცემას ითვალისწინებს . აღნიშნული პროექტისთვის EBRD-ი 5,5 მლნ. ევროს სესხის სახით გამოყოფს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფონდის მიერ გრანტის სახით 1,5 მლნ. ევრო გამოიყოფა. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია Euribor-ზე.
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)" 2017 წლის 16 აგვისტოს მოეწერა ხელი. იგი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის 44,6 მლნ ევროს ოდენობის სესხის 25 წლის ვადით გამოყოფას გულისხმობს. მომხსენებლის განმარტებით, 14 წელი იქნება შეღავათიანი იქნება, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და EURIBOR-ზე დამოკიდებული. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული ფინანსური რესურსი სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და დაფინასდება ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ბიზნეს-გარემოს მხარდაჭერას და ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებას სახელმწიფო ინვესტიციებზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.