ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებლმა განაცხადა,  საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი წელს, მაისში მოეწერა და მისი  მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრა და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

გენადი არველაძის ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ასევე იმ პროდუქტების დივერსიფიკაცია, რომლებსაც ჩვენ ქვეყანაში ვაწარმოებთ და ჩვენთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას.

„ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავხსნათ თავისუფალი ბაზრები და ჩვენი მეწარმეებისათვის იმ ბაზრებზე წვდომას შევუწყოთ ხელი, რომლებიც პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენენ. სწორედ ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯი, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შეთანხმება",  - განაცხადა მან. როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, შეთანხმების თანახმად, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით: სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ტექნიკური ბარიერი ვაჭრობაში, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა, წარმოშობის წესები, გარემოს დაცვა და ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია და ასევე ჰორიზონტალური, სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები. მისივე თქმით,  ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ერთი მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარს, ეს კი თავის მხრივ  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ასევე ქვეყნის შიგნით დასაქმების გაზრდას.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე. ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და მოკლედ ისაუბრა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და გეგმის შესრულებაზე.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს დაგეგმილია 4%-ის ოდენობით, შვიდი თვის მონაცემებით ამ რიცხვმა შეადგინა 4,4%. ინფლაციაც ასევე 4%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, აგვისტოს მდგომარეობით 5,7%-ია, თუმცა ივლისიდან კლების ტენდენცია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ითაა გაზრდილი.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების თაობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რაიმე ჩამორჩენა პროგრამული შესრულების კუთხით მოსალოდნელი არ არის. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მომხსენებლის განმარტებით ცვლილებები, ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა. საქმე ისაა, რომ 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ". ამ კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 მაისი განისაზღვრა. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" კიდევ რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, 2017 წლის 15 ივნისს („საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე) და 2017 წლის 1 ივნისს („პატიმრობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე). ამ კანონპროექტებმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტიდან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის მსგავსად ახალი რედაქციით ჩამოაყალიბეს ამ კოდექსის 208-ე მუხლი და, შესაბამისად, დადგა ამ სამი რედაქციის შეჯერების აუცილებლობა.  კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა ასევე განიხილა საკითხი „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ" კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე, რომელიც სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა წარადგინა. კონვენცია შემუშავებულია ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოს (აესს) ფარგლებში და ძალაში 1987 წლის 26 თებერვალს შევიდა. 2014 წლის მონაცემებით, კონვენციის მხარე 112 სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კონვენციასთან შეერთების მიზანშეწონილობა განპირობებულია როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ფაქტორებით. პირველ რიგში, საქართველო, როგორც აესს-ის წევრი სახელმწიფო, ვალდებული და მოწოდებულია, ეროვნულ დონეზე დაამკვიდროს აესს-ის მიერ შემუშავებული სტანდარტები და ითანამშრომლოს აესს-თან თუ წევრ სხვა სახელმწიფოებთან. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს აღნიშნულ კონცეფციასთან შეერთების საკითხს.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. ასოციაციის საპარლამენტო მდივნის,  ნინო ცუხიშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილება პენსიის დანიშვნის წესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პენსიის მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენის წესისა და ვადების დამატებით მოწესრიგებას გულისხმობს. კანონმდებელთა მოსაზრებით, პენსიის დანიშვნის და მოხსნის საკითხი ერთმანეთს ვერ დაცილდება და ამიტომ, ორივე საკითხი ერთდროულ გადაწყვეტას საჭიროებს. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად განიხილავს სხდომაზე წამოჭრილ წინადადებებს.

დღესვე კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექთა პაკეტი:  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"; „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"; „დიზაინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"; „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მისი მიღების მიზეზს საქართველოს, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. კანონპროექტების ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე კომიტეტის წევრებს ინფორმაცია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მიაწოდა. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა  დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ (2016 წლის ნოემბერი - 2017 წლის სექტემბერი).