დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ნოდარ კერესელიძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, ცვლილებების მიზანია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება. ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად იქნება მზად კერძო სექტორი იმ ცვლილების მისაღებად, რომელიც კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღეში უნდა შევიდეს ძალაში და რომლის მიხედვით მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული პროცედურებით ვეღარ ისარგებლებენ ის მცირე ბიზნესოპერატორები, რომლებიც სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას და გადამუშავებას ახორციელებენ. 

ასევე დეპუტატებს საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის გარეშე დასაშვები ხდება ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანციის ან/და ნედლეულის შემოტანა. კომიტეტის წევრთა აზრით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკონტროლოდ შეიძლება მოხვდეს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც აკრძალულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონებით. დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა დარღვევის შემთხვევებში გამოსაყენებელი სანქციები და ჯარიმები. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საჭიროდ მიიჩნიეს მეტი კონკრეტიზაცია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დაინტერესდა რა ზეგავლენას მოახდენს მოცემული ცვლილებები ბიზნესზე. რამდენადაც კანონპროექტს არ ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), საეჭვოა მისი მიღებით გამოწვეული შედეგი.

რომან კაკულიას განცხადებით, „არსებობს ანალიზი, რომელიც ფაქტობრივად, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, რასაც ჰქვია ამა თუ იმ გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესსექტორზე. ჩემი აზრით, კანონპროექტი ამ გაგებით მოუმზადებელია.  უახლოეს დღეებში უნდა გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თვითონ პროცესი არ შევაჩეროთ, მაგრამ ჩვენ არ გავქვს არავითარი უფლება მორალურიც კი, რომ ასეთი ანალიზის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი სახით კანონპროექტი მოუმზადებლად მიმაჩნია ამიტომ მას მხარს ვერ დავუჭერ". კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრება გაიზიარეს კომიტეტის წევრებმაც, რომელმაც მხარი არ დაუჭირეს ამ სახით წარმოდგენილ ცვლილებებს.

კომიტეტმა დღვანდელ სხდომაზე  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ათი დოკუმენტი განიხილა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს მხარდასაჭერად წარუდგინა ხელშეკრულებები: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)", „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)", „2016 წლის 11 მაისით დათარიღებული "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი)" N1 ცვლილების შეთანხმება", „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსის პროექტი)", „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)", „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)" N3 ცვლილების", „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N1 ცვლილების" და „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)" N2 ცვლილების" წერილი-შეთანხმება", „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3)" №2 ცვლილება", „2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმება".

შეთანხმებებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ასევე პასუხობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები: „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ" კონვენციასთან შეერთება" და საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ოქმთან - „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" საქართველოს შეერთება" კომიტეტის წევრებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ გააცნეს. კითხვებზე მიღებული პასუხების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველა წარმოდგენილ შეთანხმებას.