აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის საკითხებზე გამართულ სამიტს დაესწრო

აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის საკითხებზე გამართულ სამიტს დაესწრო

თბილისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტს მასპინძლობს, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარები მონაწილეობენ. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიესალმა და ტუბერკულოზის- გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელ პროექტებზე ისაუბრა.

„სამიტი „Global TB Caucus"-ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს ევროპის რეგიონის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტართა ინიციატივით დაფუძნდა, მის მიზანს, დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიტიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გაეროს და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დასახული აქვს ტუბერკულოზის საბოლოოდ აღმოფხვრის სტრატეგია და ჩვენი შეხვედრა ამ მიმართულებების დისკუსიისთვის მნიშვნელოვანი ფორუმია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ 2018 წელს ტუბერკულოზის წინააღმდეგ გასამართ გაეროს სპეციალური სესიის მოსამზადებელ სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს მეთაურებისთვის მომზადდება მიმართვა, რათა პრობლემის აღმოფხვრისთვის თითოეულმა ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. „ამ სამიტისთვის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარებმა გვინდა საერთო განაცხადი მივიღოთ, ეს იქნება მიმართვა სახელმწიფოს მეთაურთა მიმართ, რომლებიც გაეროს აღნიშნულ სესიაზე შეიკრიბებიან. ჩვენი მიზანია ყურადღება გამახვილდეს დაავადების წინააღმდეგ  ღონისძიებების გატარებისთვის და თითოეულმა სახელმწიფომ შესაბამისი რესურსი და ფინანსები გამოყოს", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სამიტზე მოხსენებით ევრაზიის პარლამენტართა ტუბერკულოზის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ალისონ სატი წარსდგა, რომელმაც რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ეპიდემიის დამარცხების საქმეში პარლამენტარების საერთაშორისო ჯგუფის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამიტის მსვლელობისას მოხსენებები და საკუთარი მოსაზრებები ღონისძიების მონაწილე 10-მდე ქვეყნის კანონმდებელმა გამოთქვა.

„Global TB Caucus" 133 ქვეყნის 2300 პარლამენტარს აერთიანებს. ევროაზიის პარლამენტართა  ჯგუფი 2016 წლის ივნისში, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში შეიქმნა, რომელსაც მოგვიანებით ევროპისა და ცენტრალური აზიის პარლამენტარების შეუერთდნენ.