კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს მინიმალური მოტივირებული შენიშვნა ექნება

კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს მინიმალური მოტივირებული შენიშვნა ექნება

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს მინიმალური მოტივირებული შენიშვნა ექნება.

როგორც ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები ხელოვნურად აარიდებენ თავს ბევრი შენიშვნის მიცემას, რათა უმრავლესობას ამ წინადადებებზე უარის თქმის საბაბი არ მიეცეს.

"ეს არის მმართველი უმრავლესობისთვის ბოლო შანსი, რომ გამოასწოროს ის მძიმე შეცდომა, რაც მან ჩაიდინა კონსტიტუციის მიღებისას. იურიდიული და პოლიტიკური გამოსავალი არის პრეზიდენტის ვეტო და ამის შემდეგ შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების შეტანა კონსტიტუციის ორი მოსმენით მიღებულ პროექტში. უამრავი რამ არის გასასწორებელი ამ კონსტიტუციაში, მაგრამ ოპოზიციური პარტიები და ალბათ, პრეზიდენტიც ხელოვნურად თავს აარიდებენ ძალიან ბევრი და რთული შენიშვნის მიცემას, რათა საბაბი არ მიეცეს უმრავლესობას, რომ თითქოსდა ვიღაცა აპირებს ამ კონსტიტუციის დაჩეხვას. იქნება მინიმალური მოტივირებული შენიშვნა, ძირითადად ის შეეხება ორ საკითხს: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესის დატოვებას", - განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობა თუ მაინც წინააღმდეგი წავიდა და ვეტოს ფარგლებში მინიჭებული ეს სამართლებრივი მექანიზმი არ გამოიყენა, ის დინების - ქართული საზოგადოებრივი აზრის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ წავა, რაც, გოცირიძის შეფასებით, ქვეყნის განვითარების გზაზე უკიდურესად უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება.