უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო

უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო

უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად უკრაინა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის, ისევე როგორც საქართველო.

ვოლკერის თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ნატო-ს შეუერთდნენ, გაცილებით ბევრი გააკეთეს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და უკრაინა ახლა ამ გზაზე დგას. რაც შეეხება საქართველოს, როგორც კურტ ვოლკერმა აღნიშნა, ის მუშაობს, რათა საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს სათანადო მხარდაჭერა ჰქონდეს ევროკავშირსა და ნატო-ში.

„დღეს საქართველო ასევე მზად არ არის, გახდეს ნატო-ს წევრი. უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს. ვგულისხმობ გამჭვირვალობას, იმ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რეფორმებს თავდაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. საქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატო-ს სხვა ქვეყნებშია და მოემზადოს იმისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ გაფართოებაზე, პირველ რიგებში იყოს. შეგახსენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს - 1999 წელს მათ განუცხადეს, რომ შეუძლებელი იყო ნატო-ში გაწევრება, თუმცა, 2002 წელს ისინი ნატო-ში მოიწვიეს. ნატო-ში ვინმეს მისაღებად საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიდი მეზობელია“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.