პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები. 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე - გაიმართება საქართველოს შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას - "გაერო-ს რეფორმები", ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში. იგეგმება საქართველოს მთავრობის მეთაურის დასწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე - ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება; გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ბლუმბერგის" გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაერო-ში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.