ირაკლი სესიაშვილმა და ირაკლი ბერაიამ გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს

ირაკლი სესიაშვილმა და ირაკლი ბერაიამ გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ,  16 სექტემბერს გერმანიაში ვიზიტისას,  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად  დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე,  სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე მოინახულეს.

დაჭრილი სამხედროებიდან, მძიმე მდომარეობაშია უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელსაც ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ქართველი სამხედროები, ავღანეთში  „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე სქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში შედიან.  

"თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დგახართ  მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე და საქართველოდან შორს იცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და უსაფრთხოებას. საქართველო არასოდეს დაივიწყებს ამ უდიდეს ღვაწლს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, თქვენი სხვა თანამებრძოლები და მათი თავგანწირვა"- აღნიშნეს დეპუტატებმა ქართველ სამხედროებთან საუბრისას, გაეცნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხდეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს მათ.