ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლის ქრონიკა გურიაში

ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლის ქრონიკა გურიაში

 


„გლობალტივის“ დატყვევებული  თანამშრომლები, უფლებამოსილების აღსრულებაში შეზღუდული ადვოკატები და ჟურნალისტები, გუშინდელი „ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლის“ თანმხლები მოვლენები იყო.


for.ge გურიის რეგიონის სხვადასხვა ადგილებში ცდილობდა, თვალი მიედევნებინა, თუ რა ხდებოდა „გლობალტივის“ რეგიონულ ოფისებში.


გურის სამხარეო პოლიციისა და სოდის თანამშრომლები შეკვეთილში, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ დაახლოებით 16 საათზე გამოჩნდნენ. სწორედ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს „გლობალტივის“ ერთ-ერთი რეგიონული ოფისი.


პოლიციელების ამ ტერიტორიაზე გამოჩენამდე, 20 წუთით ადრე, საწყობის ხელმძღვანელს, ბექა ლომიძეს, სამხარეო პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მათ ობიექტზე პოლიციის თანამშრომლები უნდა შესულიყვნენ.  


როგორც for.ge-ს, ბექა ლომიძემ განუცხადა, მის გარდა სატელიტური ანტენებისა და მის დასამონტაჟებლად საჭირო სხვა ტექნიკური მოწყობილობების დასაწყობების პროცესს, არცერთი სხვა თანამშრომელი არ დაასწრეს, რაც მან ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეაფასა.


ფსიქოლოგიური ზეწოლაზე და პოლიციის უკანონო ქმედებებზე საუბრობს, კომპანიის ადვოკატი, ირაკლი შავაძე.


„მე წარმომიდგინეს ფურცელი, რომელზეც მითხრეს, რომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, თუმცა, არც ბეჭედი და არც ხელმოწერა დართული, ამ ვითომ განჩინებას არ აქვს“, - განმარტა შავაძემ, რომელსაც პოლიციელებმა თავიდან სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლის და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების აღსულების საშუალება არ მისცეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადვოკატი „გლობალტივის“ საწყობთან მივიდა, მაგრამ ტერიტორია მალევე დაატოვებინეს და საქმიანობის განხორციელების საშუალება, მხოლოდ მედიით ამ ფაქტის გაშუქების შემდეგ მისცეს. 


მსგავსი გაუგებრობების შემდეგ, სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ განჩინების ელექტრონული ფორმით გავრცელება 2011 წლიდანაა კანონით ნებადართული.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 21 ივნისს განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც მთავარი პროკურატურა ითხოვდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტექნიკურ საშუალებებზე ყადაღის დადებას. 


სასამართლომ კანონით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. შუამდგომლობა სასამართლოში შემოვიდა ელექტრონული ფორმით და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ ხელმოწერილ იქნა ელექტრონული ფორმით. 


სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე, რაც ამავე დროს გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული“,- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამომდინარე იქედან, რომ შეკვეთილის საწყობის გარე პერიმეტრზე, დიდი რაოდენობით ანტენები და სხვა ტექნიკა იყო, დათვლისა და დასაწყობების პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, კვლავ ღია ცის ქვეშ რჩება ანტენებისა და სხვა ტექნიკის ნაწილი, რომელიც ამინდის გაუარესების შემთხვევაში, „გლობალტივის“ ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს და კომპანიას სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგეს. შავაძის პროტესტის მიუხედვად, ოფისიდან კომპანიის თანამშრომლებმა, ვერც კომპიუტერისა და სხვა დოკუმენტაციის გამოტანა ვერ მოახერხეს, რასაც ადვოკატი სერიოზულ კანონდარღვევად მიიჩნევს, ისევე, როგორც საწყობის პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.


„სასამართლო განჩინებაში არსად წერია, რომ კომპიუტერის გამოტანა იკრძალება, ან სათვალთვალო კამერების დამონტაჟება უნდა მოხდეს. პოლიციელების მხრიდან, ეს კიდევ ერთი კანონდარღვევაა“,-განაცხადა ადვოკატმა შავაძემ.


„გლობალ-ტივის“ შეკვეთილის ტერიტორიაზე, გვიან საღამოს მძიმე ავტოტექნიკაც გამოჩნდა, რომლითაც გარე პერიმეტრზე დალაგებული „გლობალტივის“ ანტენების და სხვა მოწყობილობების დახურულ შენობაში გადატანა დაიწყეს. 


„გლობალტივის“ თანამშრომელთა ინფორმაციით, შეკვეთილის საწყობში დაახლოებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკაა განთავსებული.


გარდა ამისა, „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ საღამოსვე, ასოციაცია „ატუ“-ს წარმომადგენელი ვასილ გოგუაძე გამოიძახეს. „ატუს“ ოფისიც ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული და სამართალდამცველებმა მას გარკვეული პროცედურების ჩასატარებლად საწყობის გაღება მოსთხოვეს. თუმცა, ვინაიდან სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო, გოგუაძემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. პოლიციელებმა კი მას ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ შეიძლება გარკვეული პროცედურების გათვალისწინებით კიდევ გახდეს საჭირო მისი ჩარევა.


პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ „გლობალტივის“ თანამშრომლებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის ოფისის 20-მდე თანამშრომელს. შეკვეთილისგან განსხვავებით, აქ პოლიციელების რაოდენობაც გაზრდილი იყო და მათი მოქმედებებიც გამკაცრებული. დაახლოებით 20 საათისთვის, ოფისის ტერიტორიაზე 20-მდე პოლიციელი გამოჩნდა, მოგვიანებით მათი რიცხვი გასამმაგდა. პოლიციელების მიერ „დატყვევებული“ თანამშრომლები შველას ჟურნალისტებისგან ითხოვდნენ.


„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ და შემოავლეს ლენტი ოფისს, რომელიც კერძო სახლია. სახლის პატრონს, მაკარ მშვიდობაძეს აიძულებენ ხელი მოაწეროს გაურკვევლი შინაარსის ფურცელზე, რომლის წაკითხვის საშუალებას არ გვაძლევენ“,-განუცხადა for.ge-ს ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 


უფრო ადვილად და ფაქტობრივად ერთ საათში „მორჩნენ საქმეს“ პოლიციელები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში.


აგრესიულობით გამოირჩეოდნენ სამართალდამცველები სენაკის, ვანის, მარტვილისა და სამტრედიის ოფისების დაყადაღების პროცედურების განხორციელებისას. 


ოფისების დაყადაღება-დალუქვის პროცედურა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დილამდე გაგრძელდა.