დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს კანონის პროექტები: „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" . როგორც მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მომზადების მიზანია კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე, მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. „მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდგომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა წარუდგენს საქართველოს მთავრობას", -აღნიჩნა მომხსენებელმა.
დეპუტატებმა როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან, კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. უმრავლესობის წარმომადგენელი რევაზ არველაძე კანონპროექების პრინციპებს ეთანხმება, მაგრამ მიაჩნია, რომ ასეთი ინიციატივები უნდა მოდიოდეს დაინტერესებული მხარიდან. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინიციატივის საფუძველი ბიზნეს ობმუდსმენის წერილი, რომელშიც საუბარია როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესებზე, ასევე, ეროვნული ბანკის ინტერესებზე. უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის კანონმდებელმა შეიძლება მთავრობას დააკისროს პასუხისმგებლობა, რომ თუ ინვესტიცია ვერ გაამართლებს. „მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ზოგადი ორიენტირები მაინც უნდა იყოს განსაზღვრულიკ, თუ რომელი ინვესტიცია შეიძლება ჩაითვალოს ღირებულად", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
უმცირესობის წარმომადგენლის, სერგო რატიანის განმარტებით, მოქმედი კანონი ზღუდავდა არა მხოლოდ უცხოელთა, არამედ საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებას, რადგანთავიანთ ქონებას ისინი ვერ გაასხვისებდნენ. ეს, მისივე შეფასებით, სერიოზული პრობლემაა. მისი მოსაზრებით, მოქალაქეს ჩამოერთვა უფლება გაყიდოს მიწა, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტით, ამის უფლება ხელისუფლებას მიეცემა. „ეს იქნება უსამართლობა და კორუფციის სერიოზული საფუძველი", - განაცხადა სერგო რატიანმა.
მომხსენებლის განმარტებით, გამოთმულ შენიშვნებზე მსჯელობა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვის პროცესში გაგრძელდება. მისი განმარტებით, ორწლიანი ვალდებულების არსი არის ის, რომ მეტი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მიწა ყოველთვის იყოს საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში და, შესაბამისად, რაც შეიძლება მალე გადავიდეს მის საკუთრებაში.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განმარტებით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბანკების უზრუნველყოფის საგანს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ წარმოადგენდა. „გაჩნდა მცირედი მოტივაცია, მაგრამ დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო მიწა არის დამატებითი კომპონენტი უზრუნველყოფის საგანში. ჩვენი შენიშვნა არის ის, რომ მიკროსაფინანსოები უნდა იყოს საბანკო სექტორთან მიმარტებაში თანაბარ პირობებში, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწების დაკრედიტების დიდი ნაწილი მოდის სწორედ მიკროსაფინანსოებთან. ისინი უფრო მოქნილები არიან, ნაკლებია პროცედურები, ნაკლებია სტანდარტები, თუმცა სტანდარტები არ გულისხმობს რეგულირების უქონლობას", - განაცხადა ოთარ დანელიამ. რაც შეეხება ვადებს, მისი თქმით 2 წელი არის პირობითი ერთეული, რომელიც არაფერს ცვლის და ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაიწყება კომიტეტის მიერ მომზადებული ორგანული კანონის განხილვა.
თითოეულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.