რეგლამენტის შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების განცხადებებს დაეთმო

რეგლამენტის შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების განცხადებებს დაეთმო

მე-9 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 6-8 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების განცხადებებს დაეთმო. პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებით 15-მა დეპუტატმა ისარგებლა, რომლებმაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავისი გამოსვლა ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრის კერებზე და მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე გაამახვილა. „არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა ძალიან სწორად დაგეგმარებული პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც საგანგებო შტაბმა მიიღო, და რა თქმა უნდა ძალიან გულმოდგინე და თავდადებული მუშაობა ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ზიანის მასშტაბები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა.

აქვე ხაზს გავუსვამდი კიდევ ორ საკითხს - ერთი, რომ მიუხედავად მთელი ამ პროცესებისა, არასოდეს ემუქრებოდა საფრთხე და სრული კონტროლის ქვეშ იყო ყველა დასახლებული პუნქტი, რომლებზე ზრუნვაც პრიორიტეტული იყო, და მეორე - ის ზოგადი საკითხი, რომ ჩვენ, გარემოს დაცვის კომიტეტმა, დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში მოვიწვიეთ სხდომა, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის საკითხს. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ გამომდინარე ბუნებრივი პროცესებიდან, ეს მოსალოდნელია მომავალ წელსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესებში, ძირითადად ვგულისხმობ ტყის მცველებს, რეინჯერებს, საგანგებო სამსახურის, სათანადო უწყებების წარმომადგენლებს, აუცილებელია მათი რაოდენობრივი ზრდა და მათ ხელფასებზე ზრუნვა", - განაცხადა კახა კუჭავამ.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზიანზე ისაუბრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ. მისი ინფორმაციით, მიუხედავად სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური ღონისძიებებისა, აღნიშნული პრობლემა კვლავაც გამოწვევად რჩება.

„ფაქტია, რომ ეს უკვე ცდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს იძენს, არ არის გამორიცხული, აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ რომ ტყეებში და დაცულ ტერიტორიებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკაც წარმოადგინა და კოლეგებს მიმდინარე წლის მონაცემები გააცნო.

„2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 61 % პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, 51 %, საფრანგეთში სამჯერ გაიზარდა, ლამის ოთხჯერ, ისრაელი ორჯერ არის გაზრდილი, ამერიკის შეერთებული შტატები 67 %, გერმანია 39%. მთლიანობაში, ღვინის ბრენდის, ჭაჭის და ღვინომასალის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 165 მილიონ დოლარზე მეტია, რაც 2016 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს აღემატება 52 %-ით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები ეროვნული ვალიუტის დევალვაციის პროცესებზე, წლიურ ინფლაციაზე, კრიზისების მართვის სააგენტოს ფუნქციონირებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლებს უმრავლესობის დეპუტატებმა უპასუხეს. ლარის გაუფასურება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დროებით და მოკლევადიან პროცესად შეაფასა და განმარტა, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. „გუშინ გამოქვეყნდა სტრატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 4%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, 7 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 4,4% -იანი ზრდა, მივდივართ კარგი ტემპით, კარგი ზრდა გვაქვს ტურიზმში და ტურიზმიდან შემოსავლებით იზრდება ექსპორტი, იზრდება გადმორიცხვები, რაც ყველა პარამეტრით არის კარგი მონაცემი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება კრიზისების მართვის სააგენტოს საქმიანობის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, თავდაცვისა და უშისროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ოპოზიცია უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობს დააკნინოს სახელმწიფოს ის უწყებები და ინსტრუმენტები, რომლებიც ქვეყანაში მსგავსი ტიპის კრიზისების დასაძლევად არის შექმნილი.

„საბჭოს ჩამოყალიბების პირველი დღიდან ჩართული ვიყავი ამ პროცესში და შესაბამისად, მაქვს პატივი გითხრათ, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ მხრივ, ბრიტანელი კოლეგები ჩართული არიან და მაქსიმალურად გვიწევენ კონსულტაციას, ექსპერტიზას. ბრიტანელების შეფასებით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანალოგია „კობრას" ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით ეს უფრო ეფექტურია, ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ სისტემის რეპუტაციას და მის მოქმედებას ხელი შევუწყოთ, უსაფუძვლოდ ხდება თქვენი მხრიდან კრიტიკა. ამიტომ გირჩევთ გაერკვიეთ ელემენტარულ ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და მერე კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ განცხადებებს ზაზა გაბუნია და დავით მათიკაშვილი გამოეხმაურნენ და უმცირესობის წარმომადგენლები პროცესის შეგნებულად გაჭიანურებაში და კონსესუსის ვერ მიღწევაში დაადანაშაულეს. „ოპოზიციის მიზანი იყო, რომ არ ყოფილიყო კონსესუსი, არ ყოფილიყო შეთანხმება. ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე ველოდით ოპოზიციისგან განესაზღვრათ და გამოეგზავნათ საკითხები, რომელიც მათი აზრით იყო მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, კონსესუსისთვის, შეთანხმებისთვის, მაგრამ საბოლოოდ ოპოზიციამ გამოგვიგზავნა ოთხი ულტიმატუმი და ოთხივე უკავშირდებოდა იმას, თუ მათი პარტიებიდან, რამდენი ადამიანი და როგორ მოხვდებოდა შემდეგ პარლამენტში და რა თქმა უნდა ეს იყო სრულიად არასერიოზული და არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო დისკუსია და დიალოგი", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლით დასრულდა. პარლამენტის წევრმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გატარებული რამდენიმე რეფორმა შეაფასა და მათი შედეგების მონაცემები წარმოადგინა.

„2017 წლის 7 თვის განმავლობაში, საგადასახადო შემოსავლები 615 მილიონი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც საგადასახადო შემოსავლების 12.4 %-იან ზრდას ნიშნავს. საგადასახადო რეფორმის შემდეგ ბიზნესსექტორს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 2017 წელს უკვე დარჩა 240 მილიონი ლარით მეტი. 2017 წელს გაზრდილია ექსპორტი 28.9%-ით და 2017 წლის 7 თვეში 11 %-ით არის გაზრდილი ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაც. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ამ მომენტისთვის შეადგინა 4.4 %-იანი ზრდა, რაც მოგეხსენებათ 1 %-ით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლებზე. რაც შეეხება კერძო სექტორს - კერძო სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 18 %-ით არის გაზრდილი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 5 %-ით არის გაზრდილი. საქართველოს 30,2 %-ით მეტი ტურისტი ჰყავს 2017 წელს, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც გავამახვილებ ყურადღებას - 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მილიონი დოლარი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4 %-ით მეტია. ასევე 60 %-ით არის გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი.

რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ და დამტკიცებულ რეფორმას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ- ამას ოპოზიციამაც დაუჭირა საგაზაფხულო სესიაზე მხარი. მინდა, გაგაცნოთ უახლესი მონაცემები:2017 წლის 8 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 10,7 %-იან კლებას წარმოადგენს. შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები, ანუ მინუს 12,9 % -ია ა 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელი. იმ საკანონმდებლო რეფორმამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა და ჩვენ დავამტკიცეთ, შეიძლება ითქვას, რომ 44 ადამიანი უკვე გადაარჩინა და 733 ადამიანი გადაარჩინა დაშავებას და ტრამვებს.

ასევე, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა, დარიალის გვირაბის მშენებლობა - ეს პროექტები ან ოქტომბერში იწყება ან უკვე დაწყებულია ზოგიერთი მათგანი. ასე რომ, ჩვენ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით, ეკონომიკა ფუნქციონირებს და განვითარების პროცესი სახეზეა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ქუთაისის სასახლის სარეაბილიტაციო გეგმებზე ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით შენობის სახურავი, მინის კონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციას და გარკვეული სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

"მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. პირველ რიგში, საჭიროებს გადახურვას, ასევე არის პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდინარე ტერიტორია. მათ შორის, მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ხაზინადართა საბჭოს ვთხოვო, რომ სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი და შესაბამისად დავიწყოთ მუშაობა ამ ყველაფერზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გენერალური აუდიტორის კანდიდატთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ აუდიტორის კანდიდატურა ცნობილი 8 სექტემბერ გახდება.

„ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მე პარასკევ დღეს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.