ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართმსაჯულება

ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართმსაჯულება

ორი სიტყვით შევაფასებ ამ ყველაფერს, ყოველგვარი შეურაცხყოფის და ემოციების გარეშე ვამბობ, დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართმსაჯულება, - ასე გამოეხმაურა სასამართლო სხდომიდან გამოსული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სასამართლო გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.