რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული. აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.
„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა იძულებით იქნება დაბრუნებული რუსეთში. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და სამართალდამცველი ორგანოები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. ამჟამად მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტების გაფორმება ჟურნალისტის ოფიციალური გაძევებისთვის. ასე დაემართება ნებისმიერს, ვინც თავს უფლებას მისცემს უკრაინა დაამციროს“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
დღეს რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მისი კორესპონდენტი კიევში ანა კურბატოვა გატაცებულია.
„ანა კურბატოვა კიევის ცენტრში გაიტაცეს. ჩვენ ვერ ვუკავშირდებით მას. ჩვენი კოლეგა უცნობ პირებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ჩვენი მონაცემებით, ანა კურბატოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა“, - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.