დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთ შენიშვნას ეთანხმება, თუმცა გამორიცხავს ბევრ საკითხს, რაზეც მათ შენიშვნები ჰქონდათ.
როგორც ნინო კავთიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უცხოენოვან მოსწავლეებთან დაკავშირებით სკოლას ხარვეზები მართლაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით უკეთესი მდგომარეობა არცერთ სხვა სკოლას არ გააჩნია.
ნინო კავთიაშვილი ავტორიზაციის საბჭოსთვის ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნით მიმართვას აღარ აპირებს.
„ავტორიზაციის საბჭომ ბევრი მიზეზი დაასახელა, რის გამოც სკოლამ ავტორიზაცია ვერ მიიღო, თუმცა ყველაფერს ვერ დავეთანხმები, უფრო მეტიც, გამოვრიცხავ ბევრ საკითხს, რაზეც მათ შენიშვნები ჰქონდათ.
უცხოენოვან მოსწავლეებთან დაკავშირებით შენიშვნას დავეთანხმები, მაგრამ ამას არ ჰქონია ტიპიური ხასიათი - 12-13 მოსწავლეზე გაიპარა ტექნიკური ხასიათის გარღვევა. ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე სკოლა ამ ბავშვებს მიიღებს, ქართულ ენაზე დააწყებინებს სწავლებას და შემდეგ ის ბავშვი მოკლე პერიოდში ისეთ დონეზე ისწავლის საგანს, რომ თავისუფლად დაძლევს. ეს ასე არ ხდება. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური გეგმა, რომ გარკვეული საკითხები გაეაზრებინათ ქართულად და რაღაც დონეზე დაეძლიათ. ამის სტანდარტი არც არსებობს, ამას სკოლა წყვეტს. ავტორიზაციისთვის აღარ მივმართავთ განათლების სამინისტროს, სკოლა დახურულია“, - განაცხადა ნინო კავთიაშვილმა.
რაც შეეხება დემირელის სკოლის დახურვის შესაძლო პოლიტიკურ სარჩულს, ნინო კავთიაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
დემირელის სახელობის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა სკოლამ 29 აგვისტოს, სხვადასახვა მიზეზით ავტორიზაციაზე უარი მიიღო.