ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის ყოველდღიური გაჩენა დივერსიას უკავშირდებოდეს.
როგორც შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „სხვა ახსნა ახლა უკვე უჭირს“.
„შესაძლოა, აქ დივერსიას მართლაც ჰქონდეს ადგილი, სხვა ახსნა უკვე, მიჭირს. ამდენი ხანძარი ერთად, ერთ პერიოდში ვინმეს ახსოვს? სხვანაირად ახსნას ვერ ვუძებნი“, - აღნიშნა შარაშენიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, სხვა საკითხია ვინ დგას „ამ საქმის უკან“, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება სათანადო რეაგირებას ვერ ახდენს.
’’სხვა საქმე ის, თუ ვინ დგას ამის უკან. დგას ვიღაც ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ამით რაღაც გადაფაროს, თუ დგას უცხო ქვეყნის დაზვერვა, რომელიც მსგავსი რაღაცით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს. თუ დივერსიაა, დივერსიის აღკვეთას ვერ ახერხებს, თუ ხანძარია დივერსიის გარეშე, მაშინ ხანძრის გამკლავებას ვერ ახერხებს და ღამეებს ათენებს. როდესაც სამსახურში ყველაფერი აწყობილია, იქ ღამეს არავინ ათენებს, ვინაიდან ყველაფერი რიგზეა და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ღამის თენება კი არ ნიშნავს იმას, რომ საქმეს კარგად აკეთებს’’, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
კითხვაზე, პირადად იზიარებს თუ არა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ ხანძრების გახშირებული შემთხვევების უკან რუსულ დივერსიას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, ექსპერტის მოსაზრებით, ნებისმიერ შემთხევვაში მიზეზები ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს.
’’დავუშვათ, რომ ეს რუსული დივერსიაა. ეს მთავრობას ამართლებს? ე.ი დივერსიას ვერ უმკლავდება. ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს მიზეზები და შემდეგ იმუშაოს იმაზე, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ამისთვის კი, ჩემი აზრით, მეტი პროფესიონალი კადრი სჭირდება. ახლა აშკარაა პროფესიონალიზმის ნაკლებობა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.