დემირელის სახელობის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა სკოლამ 29 აგვისტოს, სხვადასახვა მიზეზით ავტორიზაციაზე უარი მიიღო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, თუ რა გახდა დემირელის სახელობის სკოლის დახურვის ძირითადი მიზეზები.
"ხარისხის მართვის სპეციალისტები სკოლის შეფასებას ახდენენ სამი მთავარი მიმართულებით: პირველი არის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - როგორი საკლასო ოთახებია, რამდენად უზრუნველყოფილია გათბობით, ლაბორატორიებით, კომპიუტერებით. მეორე კომპონენტია ის, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული მასწავლებელთა კორპუსი - როგორ არის გაფორმებული ხელშეკრულებები, დასტურდება თუ არა მასწავლებელთა კვალიფიკაცია. მესამე არის საპროგრამო მიმართულება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თუ როგორ ასრულებს ეროვნულ სასწავლო გეგმას ესა თუ ის სკოლა. სამივე ამ მიმართულებით, ჩვენდა სამწუხაროდ, იყო ძალიან სერიოზული ხარვეზები.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: ამ სკოლაში სწავლობდნენ არაქართულენოვანი მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან - ერაყიდან, თურქეთიდან... ზოგჯერ ერთ დღეში სკოლას შეეძლო მიეღო მოსწავლე, შეექმნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. იმავე დღეს მოსწავლეს შეეძლო ჩაებარებინა 6-7 გამოცდა ქართულ ენაზე მათ შორის, ქართულ ლიტერატურაში თავისი ჰაგიოგრაფიით, რუსთველით, სულხან საბათი, გურამიშვილით და გალაკტიონით. ასევე აბარებდა ფიზიკას, ქიმიას, ისტორიას, ბიოლოგიას და სხვა. ეს არის ენით უთქმელი და გაუგონარი დარღვევა. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც რომ იყოს, საკმარისია სკოლის დასახურად, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა არაერთი დარღვევა არსებობდა დემირელის სკოლაში. არ მინდა მძაფრი სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ ამას ნამდვილად ახლავს თაღლითობის, დანაშაულის ნიშნები.
გარდა ამისა, სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც ჟურნალში საერთოდ არ არიან აღრიცხულნი. აქ არიან მოსწავლეები, რომლებსაც აფასებენ მას შემდეგაც, რაც უკვე დატოვეს სკოლა და სხვა სკოლაში წავიდნენ. ოფიციალურად, ამ სკოლაში სწავლობდ 361 ბავშვი, რეალურად, ჟურნალებში შეტანილია 476 ბავშვი. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი ამბავი, რაც სიმართლე გითხრათ, უხეშად არღვევს ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებს", - განაცხადა გია მურღულიამ.