გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან.

პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.