ალბათ უმჯობესი იქნება, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ყოფილი მინისტრები და უმაღლესი თანამდებობის ის პირები დაიბაროს პარტიის ოფისში და პასუხი მოკითხოს, რომლებმაც 2008 წელის ავბედითი ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს.
ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში მივიდეს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხანძრის დროს საფრთხეები თავიდან იქნა აცილებული, რაც პრემიერ-მინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურებაა.
"ხანძრის თემას რაც შეეხება, ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლი კრიზისების მართვის საბჭოს წევრი არ გახლდით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მეტნაკლებად ნეიტრალური, დისტანციური ხედვა მაქვს. ამ ხედვის პირობებში ვთვლი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, სამინისტროებმა, უწყებებმა, მაშველებმა და მოქალაქეებმა, ვინც ხანძარს ებრძოდა, მოახერხეს, რომ ადამიანური დანაკლისი არ არის. იქ სოფლებს საფრთხე რაც ემუქრებოდა თავიდან აცილებული იქნა. ეს სწორედ მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და თითოეული მაშველის დამსახურებაა. თუ ეს ოპოზიციას არ მოსწონს, მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ", - დასძინა წულუკიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართავს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარების დროს, ქართულმა მხარემ ვის მიმართა.