უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება, - ეს განცხადება უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცესკო-სთან ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით დღეს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას გააკეთა. წულუკიანის თქმით, მემორანდუმი წინასაარჩევნოდ მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებას ითვალისწინებს.
"წელსაც, ტრადიციისამებრ საარჩევნო კამპანიის პირობები მემორანდუმს ვაფორმებთ, რომელიც რასაც წარსულში იგივეს, მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებას ითვალისწინებს, კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკური პარტია 2012 წლიდან დღემდე გაყოფილები არიან და გვინდა მომავალშიც ასე იყოს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონკურენციისთვის ყველა პარტიას თანაბარი პირობები ჰქონდეს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციური პარტიის მიერ, რომლებიც შეიძლება რომელიმე თანამდებობაზე არიან, ხელი ადმინისტრაციულ რესურსზე მიუწვდებათ და ამჟამად თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები არიან",- აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება იქნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისია აკეთებს ყველაფერს, რათა პარტიებმა, გამგებლობისა და მერობის კანდიდატებმა თავისუფალი კონკურენცია შეძლონ.