ქართული ოპოზიციური სპექტრი უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ მიმართავს. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მიმართვაში საუბარი შეეხება საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ჩაშლილ დიალოგს და იმას, თუ რატომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა. ვენეციის კომისიისთვის მიმართვის ტექსტის შესამუშავებლად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას კიდევ ერთხელ გეგმავენ.
”მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, თუ რა არის ჩვენი მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო სისტემა და ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, რაც არ უნდა, რომ გაიზიაროს ”ქართულმა ოცნებამ” და ცდილობს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თვითონ შეიყვანა საკონსტიტუციო პროცესი, როგორმე გამოძვრეს პასუხისმგებლობის გარეშე. ”ქართულ ოცნებას” თუ უნდა, რომ მიაღწიოს კომრომისს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს ამ დათმობაზე. იმის გამო, რომ არ მიდის ”ქართული ოცნება” ასეთ დათმობაზე, ამიტომ გვაქვს ”პინ-პონგის” თამაში, რომლის შედეგი პრაქტიკულად არის, რომ ამ ფორმით მიღებული კონსტიტუცია იქნება უკან გადადმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა.