ევროკომისიის პრეზიდენტი:   თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას

ევროკომისიის პრეზიდენტი: თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს და ცდილობს ამაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს.

„თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას. საკითხი ის არის, ბოლო უნდა მოვუღოთ თუ არა თურქეთთან მოლაპარაკებებს. ეს თეორიული კითხვაა. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა იუნკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ ანკარას ბრიუსელთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ევროკავშირისთვის სურს.

„ეჭვი მაქვს, პრეზიდენტი ერდოღანი, რომელთანაც მე კარგი ურთიერთობები მაქვს, ევროპისგან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ელოდება, რათა ევროკავშირი გამოიყვანოს პასუხისმგებელი და არა თურქეთი“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი ისე უნდა მოიქცეს, რომ „თურქმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერდოღანის სისტემის გამო გახდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი“.