სტრასბურგში არ შემინიშნავს განსაკუთრებული ჰაერი, რომლის ჩასუნთქვის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან - თუ თბილისში რაიმე ვერ ხერხდება, ვერც სტრასბურგში მოხერხდება

სტრასბურგში არ შემინიშნავს განსაკუთრებული ჰაერი, რომლის ჩასუნთქვის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან - თუ თბილისში რაიმე ვერ ხერხდება, ვერც სტრასბურგში მოხერხდება

თბილისში, მიცკევიჩისა თუ რუსთაველის ქუჩებზე რაიმე ვერ ხერხდება, ვერც სტრასბურგში მოხერხდება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის პროფესიით იურისტია და გარდა ამისა, 4 წელი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ამიტომ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ორი მოსმენით მიღებულ ტექსტთან დაკავშირებით დიალოგი.

„ორი მოსმენით მიღებულ ტექსტზე, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ მას უკან არ დაუბრუნდება, დიალოგი რაზე უნდა გავმართოთ, რედაქტორები მივაშველოთ, რათა ტექსტის რედაქტირება მოხდეს?! ხელისუფლებას თუ მართლა დიალოგი სურდა ამ თემაზე, ახალი კონსტიტუცია სამი დღის განმავლობაში ორი მოსმენით არ უნდა მიეღო“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „2004 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამით დაიწყო ქვეყნის ნგრევა“.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის პროცესი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარიმართა, პოლიტიკური თამაშებია.

„აქედან გამომდინარე, არ ველი არანაირ ცვლილებას, არანაირ დიალოგს. ალბათ სექტემბრის ბოლოსკენ კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღება მოხდება. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მათზე ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული ტერიტორია შესაძლო დიალოგისთვის და ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები, თუ რა შეიძლება ეშველოს კონკრეტულად საარჩევო საკითხს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება 6 სექტემბერს სტრასბუტგში ვენეციის კომისიის მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას, დავით უსუფაშვილის არ ფიქრობს, რომ სტრასბურგში რაიმე განსაკუთრებულის მიღწევა მოხერხდება.

„სტრასბურგში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მინდა გითხრათ, რომ იქ არ შემინიშნავს, რაიმე განსაკუთრებული ჰაერი, რომლის ჩასუნთქვის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან და იწყებენ ჭეშმარიტების ზიარებას. თბილისში მიცკევიჩისა თუ რუსთაველის ქუჩებზე თუ რაიმე ვერ ხერხდება, ვერც სტრასბურგში მოხერხდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.