პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ბორჯომის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მისვლას საჭიროდ არ თვლის.
ჟურნალისტებთან საუბარში ქაცარავა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელს იბარებს.
ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში კრიტიკული ვითარების დროს, ქართულმა მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა.
"პირველ რიგში გამოყენებული საერთაშორისო ფორმატები იყო, რომელიც არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ქართულმა მხარემ ასევე მეზობელ სახელმწიფოებს მიმართა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი შედგა. ზურაბ აბაშიძემ ამ საკითხზე დეტალური განმარტება გააკეთა. დღის წესრიგში რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება აღარ დაადგა, რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობის შედეგად თავიდან კატასტროფა ავიცილებთ. რაც შეეხება იმას საერთაშორისო ფორმატები თუ რატომ არ იქნა გამოყენებული, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველომ ევროკავშირს, ნატო-ს და გაერო-ს მიმართა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჰუმანიტარული საკითხების განხილვასაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რაც შედეგიც ვნახეთ. არავის არაფერი არ დაუმალავს, აბაშიძემ კონკრეტული განცხადება გააკეთა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კატასტროფის თავიდან აცილება იყო. შესაბამისად, გადართული ვიყავით იმაზე, რომ მაქსიმალურად მობილიზება გაგვეკეთებინა იმ დახმარების, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორი ქვეყნებისგან მივიღეთ", - აღნიშნავს ქაცარავა.
დეპუტატი ამბობს, რომ მის კომიტეტს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და მინისტრი კომიტეტში არაერთხელ გამოცხადებულა, თუმცა ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე უწყებაში ჯანელიძის მისვლა საჭირო არ არის.
"როცა საჭიროდ ჩავთვლით, საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდებით. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ საკითხზე მინისტრი კომიტეტში მოვიდეს, რადგან ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები მივეღე. იმ მოცემული ვითარებაში მთავარი ამოცანა კატასტროფის თავიდან აცილება იყო", - დასძინა ქაცარავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართავს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარების დროს, ქართულმა მხარემ ვის მიმართა.