თუ ხელისუფლებას ექნებოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

თუ ხელისუფლებას ექნებოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განუცხადოს მოსახლეობას, რომ არსებობს სხვა სახელმწიფოებთან კონტაქტი, მაგრამ დახმარებას მივიღებთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, არსებობს ვითარებებები, როდესაც ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობა საქმის კურსში უნდა ამყოფოს.

„ამ საკითხმა ხანძრის პერიოდში ტრადიციულად შეიძინა არასახელმწიფოებრივი ელფერი. ასეთ დროს ხელისუფლებას მართებს, ძალიან მკაფიოდ და გასაგებად აუხსნას მოსახლეობას, რა მდგომარეობაა და ვინმეს მივმართეთ თუ არ მივმართეთ.

ღმერთმა დაგვიფარა და არ არის მსხვერპლი. აბა წარმოვიდგინოთ, თუ ამ ხანძარს ექნებოდა მეტი გართულების პოტენციალი, მაშინ ალბათ კითხვა იქნებოდა, რატომ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო საშუალება, რომ თავიდან აგვეცილებინა შესაძლო მსხვერპლი.

არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები მსოფლიოში. ომის მდგომარეობის დროსაც კი არსებობს ვითარებები, როდესაც ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ორივე მხარე ან ცეცხლს წყვეტს, ან ერთობლივად მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის ზრუნავს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.