მიკვირს, წარსულში კორუფციის ჭაობში ჩაფლული და უკვე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების მხრიდან ისეთი განცხადებები, რომელზეც საუბრის მორალური საფუძველი წესით მათ არ უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ ოპოზიცია მუდმივად აპელირებს ქრთამის აღების ფაქტზე.
დავით ნარმანიას განმარტებით, ნეფარიძის საქმეზე საბოლოო პასუხს მიმდინარე გამოძიება იტყვის.
“ძალიან მიკვირს ხოლმე, თავის დროზე კორუფციის ჭაობში ჩაფლული და ახლა ოპოზიციაში მყოფი ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ისეთი განცხადებები, რომელზეც მათი მხრიდან მორალური საფუძვლები წესით არ უნდა არსებობდეს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი ნეფარიძის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების დასრულების შემდეგ გვეცოდინება ყველას, ზუსტად თუ რასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.