იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგ გაშვებასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განუცხადა.
„რაც შეეხება გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ჩვენ მოვითხოვთ საგანგებო სხდომის გამართვას. იაპონია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შემდგომშიც აპირებს ჩრდილოეთ კორეაზე წნეხის გაძლიერებას“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
გუშინ, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეატყობინა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა.
როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რაკეტა სავარაუდოდ წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.