არც ერთ მოლაპარაკებაზე ასე არ ხდება, მმართველი გუნდი ცდილობს იპოვოს იაფი გამოსაძრომი

არც ერთ მოლაპარაკებაზე ასე არ ხდება, მმართველი გუნდი ცდილობს იპოვოს იაფი გამოსაძრომი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, არასერიოზული და პოლიტიკური მოუმწიფებლობის გამოვლინებაა მმართველი გუნდის მოთხოვნა, ოპოზიციამ ის საკითხები დაასახელოს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სერგი კაპანაძემ განუცხადა, ოპოზიციამ მმართველ გუნდს ყველა ფორმით გააცნო ის საკითხები, რომელზეც ისინი მზად არიან დიალოგისთვის. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დიალოგის განახლების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, კაპანაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის პოზიცია ცოტა გაუგებარია, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდი დიალოგის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევდა. 

„ჩვენ რა თემებზე ვაპირებთ მათთან საუბარს, ამის ჩამონათვალი გავუგზავნეთ ცალკეც, შეხვედრაზეც ვუთხარით და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ წერილობითაც გავავრცელეთ ჩვენი პოზიცია. ახლა იმის მოთხოვნა, ამ თემებიდან რომელი არის უკიდურესი მინიმუმი, რომელსაც მხარს დავუჭერთ, არის არასერიოზული და პოლიტიკური მოუმწიფებლობის ნიშანი. არც ერთ მოლაპარაკებაზე არ ხდება ისე, რომ ერთი მხარე მეორეს ეუბნებოდეს - გვითხარით თქვენი აბსოლუტური მინიმუმი და მერე დავიწყოთ მოლაპარაკებაო. თუ გონიათ, რომ ამაზე წავალთ, ძალიან ცდებიან. მდგომარეობა არის მარტივი. მათ არ უნდათ დიალოგი. მარტო არიან დარჩენილები მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. არავინ არ უჭერს მხარს და ახლა ცდილობენ, იპოვონ იაფი გამოსაძრომი, თუ რა დააბრალონ ოპოზიციას და ასეთი მარტივი ხრიკებით ცდილობენ ფონს გასვლას. ამას არავინ წამოეგო და არ წამოეგება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მათ ნათლად უთხრა, რომ არის თემები, რომლებზეც ვაპირებთ საუბარს - ეს, პირველ რიგში, არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება და დანარჩენი სხვა მნიშვნელოვანი თემები. ამაზე ვართ თანახმა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ უნდათ დიალოგი, ამაზე კარგს ჩვენგან ვერ მოისმენენ“, - განაცხადა კაპანაძემ. 

რაც შეეხება 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო ჩაშლას, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის. 

„ჩვენ მზად ვართ აქაც შევხვდეთ, ვენეციაშიც და სტრასბურგშიც ვენეციის კომისიასთან ერთად. ამაზე უარი არ გვითქვამს. ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად საუბრისთვის და ამიტომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში თავიდანვე. როგორც ჩანს, თვითონ არ უნდათ და თუ არ უნდათ, რა თქმა უნდა, მარტო სტრასბურგში წასვლას არანაირი აზრი არ აქვს. ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე. როგორც გადაწყვეტენ, ისე გაგრძელდება ეს თამაში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

მისივე განმარტებთ, მმართველი გუნდი დღესაც მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს, თუმცა ეს ყველაფერი, მისივე თქმით, დამოკიდებულია ოპოზიციაზე.