პანკისელი მურად მარგოშვილი (აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
მარგოშვილი იმ პირთა სიაშია, რომლებიც ორგანიზაცია ალ-ქაიდას წევრები ან მასთან დაკავშირებული არიან.
დოკუმენტის მიხედვით, მარგოშვილი ასოცირებულია Jabhat al-Nusrah-თან (დაჯგუფება სირიაში, რომლის მიზანია სირიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნა).
მურად მარგოშვილი სირიაში 2012 წლიდან, სხვადასხვა დაჯგუფების შემადგენლობაში იბრძვის. შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს, თარხან ბათირაშვილთან ერთად, ის ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
მარგოშვილი რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზითაც იძებნება. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, ის ჩეჩნეთსა და დაღესტანში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით აწარმოებს.