ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ოპოზიციასთან - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.
”შემდეგ ჩვენ ვცადეთ, რომ პასუხი წერილობით მიგვეღო, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და შეუძლებელი გახდა დიალოგის გაგრძელება. დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის, გვაქვს კარგი კონსტიტუცია, კარგი ტექსტი და კარგი იქნებოდა კონსენსუსის გაფართოებაც. თუ ამისთვის ოპოზიცია მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.