გიორგი მღებრიშვილი:  არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა

გიორგი მღებრიშვილი: არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა

ვერტმფრენს, რომელიც მდინარე გუჯარულადან ამოიყვანეს, ექსპერტიზისთვის რამდენიმე საათში თბილისში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში შს მინისტრმა განუცხადა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ექსპერტიზის ჩატარებამდე პასუხის გაცემა, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის ავარიული დაშვება, ნაადრევია.

”სულ რამდენიმე საათში უკვე თბილისში გადაიყვანენ ვერტმფრენს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხიდან ყველაფერი გაირკვევა. ვერსიაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ და არ გავასწრებ გამოძიების შედეგებს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასევე იმ საკითხით, ტექნიკურად რამდენად გამართული იყო ვერტმფრენი, რომელმაც მდინარე გუჯარულაში გუშინ ავარიული დაშვება მოახდინა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახანძრო სამუშაოებში ჩართული ორივე ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო.

”გაუმართავი არც ერთი ვერტმფრენი არ ყოფილა. ერთ ვერტმფრენს ჩაუტარდა რეგლამენტი და ისიც შეუერთდა სამუშაოებს, თუმცა ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ განახორციელა ავარიული დაშვება, არ ყოფილა ის ვერტმფრენი, რომელსაც რეგლამენტი ჩაუტარდა. აღნიშნული ვერტმფრენი პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ვერტმფრენის აღდგენა, მღებრიშვილის თქმით, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

"მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ. ვერ გეტყვით, ამ ვერტმფრენის აღდგენა მოხდება თუ ვერ მოხდება. ამას ექსპერტიზა დაადგენს და შემდგომ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.