პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე “თანამშრომლობას ვიხილავთ”.
ქუმსიშვილმა ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობის არაერთი პლატფორმა შესთავაზა. მე იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ამ თანამშრომლობას ვიხილავთ”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 18 აგვისტოს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თბილისში, პარლამენტის შენობაში შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციურ პარტიებს წერილობით მიმართეს, წარმოედგინათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა. რამდენიმე დღის შემდეგ მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ შესაბამისი პასუხის ნაცვლად, ოპოზიციამ დიალოგის დაწყების წინაპირობად 4 ულტიმატუმი წარმოადგინა. ასეთ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებას შეუძლებად მიიჩნევს.