გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება აცხადებს, რომ მოსკოვი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს და ასევე რუსული სპეცსამსახურების გერმანიაში აქტიურ მუშაობას აფიქსირებს.
აღნიშნულის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მასენმა გაზეთ Welt am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთს შეუძლია დეზინფორმაციის კამპანიის დაწყება ბუნდესტაგში არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, მან არ გამორიცხა, რომ ამგვარი მეთოდები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს კრემლის ამჟამინდელ დღის წესრიგს.
„შესაძლოა, მოსკოვში არ იყვნენ დაინტერესებულნი გერმანიასთან ურთიერთობების გაუარესებაში“, - აღნიშნა მან.
გერმანიის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ჰაკერული შეტევების შედეგად შესაძლოა კონფიდენციალური ინფორმაციის დიდი მოცულობა იყოს მოპარული. ერთ-ერთი ასეთი შეტევა ბუნდესტაგის სერვერებზე 2015 წელს განხორციელდა.