ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში რუსეთის დახმარება დღის წესრიგში არ დადგება

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში რუსეთის დახმარება დღის წესრიგში არ დადგება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, ბორჯომის ხეობაში ოფიციალური რუსეთი საქართველოს ისეთი ტექნიკით ეხმარებოდა, რომელიც ხანძრის გართულების შემთხვევაში გახდებოდა საჭირო.

აბაშიძის თქმით, რუსეთის დახმარება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო არ გახდა.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა", - განაცხადა აბაშიძემ.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.