საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, ბორჯომის ხეობაში აღგენითი სამუშაოების დაგეგმარების პროცესი დაწყებულია.
კუჭავას თქმით, რეაგირების სწორი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის ბრწყინვალედ აღსრულება არის ბორჯომში რამოდენიმე დღის განმავლობაში სტიქიასთან წარმატებულად ბრძოლის მიზეზი.
"ბორჯომის ეს სტიქია არის ბუნების გზავნილი, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ გარემო. ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე. საგანგებო შტაბი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით წარმატებით გაუმკლავდა ურთულეს გამოწვევას. სოფელ დაბასა და წაღვერის ხეობაში ხანძრის გაჩენიდან მეექვსე დღეს ცეცხლის თითქმის ყველა კერა ლიკვიდირებულია. დარჩენილია ორი სამი კერა სადაც მობილიზებულია ტექნიკა და ფიზიკური ძალა. მიუხედავად ქარისა სიტუაცია სრულიად კონტროლის ქვეშ არის", განაცხადა კუჭავამ.
"გადამწვარი ფართობის ძირითადი ნაწილი 2008 წლის ხანძრის ტერიტორიებს იმეორებს და შესაბამისად ჰაბიტატების განადგურება ჯერჯერობით არ გამოვლინდა. უკვე დაწყებულია აღგენითი სამუშაოების დაგეგმარების პროცესი. ძალიან სასიხარულოა, რომ დახმარების სურვილი გამოთქვა ძალიან ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.